თეორიული გამოცდა

მართვის მოწმობის მიღებასთან დაკავშირებულ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება (განცხადება იბეჭდება ადგილზე);
ბ) სატრანსპორტო საშუალების იმ კატეგორიის (შესაბამისი) სწავლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელზეც გაიარეს პროფესიული მომზადება ან გადამზადება ("A" და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია მძღოლობის კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება);
გ) ტრაქტორის მართვის მოწმობის მისაღებად შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული სწავლების კურსის დამადასტურებელი მოწმობა;
დ) სამედიცინო ცნობა;  
ე) მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ვ) კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები:
ვ.ა) მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური 40 ლარი – კოდი 003;
ვ.ბ.) მართვის მოწმობის საფასური 10 ლარი – კოდი 001; ან
ვ.გ.) ტრაქტორისტის მართვის მოწმობის საფასური 10 ლარი – კოდი 002;
თეორიული გამოცდის მიღება წარმოებს ელექტრონული (კომპიუტერული) ტესტირების მეთოდით (სენსორულ მონიტორზე).
თეორიული გამოცდის  I კატეგორიას აბარებენ "A" "B", "C" "T1", "T2" "T3" "T4" . კატეგორიის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად მომზადებული მძღოლობის კანდიდატები.
I კატეგორიის თეორიული გამოცდის საგამოცდო ბილეთი შეიცავს 30 კითხვას. თავის მხრივ, კითხვას გააჩნია 2-დან 6-მდე სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.
I კატეგორიის თეორიული გამოცდა მიმდინარეობს 30 წუთის მანძილზე.    დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა  სწორად უნდა უპასუხოს მინიმუმ 27 კითხვას.
I   კატეგორიის თეორიული გამოცდა მოიცავს:
ა)  საგზაო მოძრაობის წესებს, რომელიც  თავის მხრივ მოიცავს:
ა.ა) მძღოლის, მგზავრთა და ქვეითთა მოვალეობები;
ა.ბ) უწესივრობათა და პირობების ნუსხა, რომელთა არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაცია;
ა.გ) საცნობი ნიშნები;
ა.დ) საგზაო ნიშნები და მათი დახასიათება;
ა.ე) გამაფრთხილებელი, პრიორიტეტის, ამკრძალავი, მიმთითებელი, საინფორმაციო-მაჩვენებელი, მომსახურებისა და დამატებითი ინფორმაციის ნიშნები;
ა.ვ) საერთაშორისო მოძრაობა;
ა.ზ) საშიში ტვირთების კლასიფიკაცია და იდენთიფიკაცია;
ა.თ) შუქნიშნისა და მარეგულირებლის სიგნალები;
ა.ი)  სპეციალური სიგნალების გამოყენება;
ა.კ) საავარიო შუქური სიგნალიზაცია; 
ა.ლ)  გარე სანათი ხელსაწყოებით და ხმოვანი სიგნალებით სარგებლობა;
ა.მ) მოძრაობის დაწყება და მანევრირება;
ა.ნ) სატრანსპორტო საშუალებათა განლაგება სავალ ნაწილზე;
ა.ო) გასწრება, შემხვედრი ტრანსპორტის გვერდის აქცევა და მოძრაობის სიჩქარე;
ა.პ) სამუხრუჭო და გასაჩერებელი მანძილი;
ა.ჟ) დისტანცია და ინტერვალი; 
ა.რ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა;
ა.ს) გზაჯვარედინის გავლა; 
ა.ტ) ქვეითთა გადასასვლელები და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა გაჩერებები;
ა.უ) მოძრაობა რკინიგზის გადასასვლელებზე, ავტომაგისტრალზე და საცხოვრებელ ზონაში; 
ა.ფ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტი;
ა.ქ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ბუქსირება;
ა.ღ) სასწავლო სვლა, ხალხის გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა;
ა.ყ) დამატებითი მოთხოვნები ველოსიპედის, მოპედის, საჭაპანე ოთხთვალის (მარხილის) მოძრაობისა და პირუტყვის გადარეკვის მიმართ;
ა.შ) ჰოროზონტალური ვერტიკალური საგზაო მონიშვნა;
ბ) მოძრაობის უსაფრთხოების საფუძვლებს;
ბ.ა)  ავტომობილის მდგრადობაზე მომქმედი ძალები;
ბ.ბ) მძღოლის ფსიქიფოზიოლოგიური მდგომარეობის მოქმედება მოძრაობის უსაფრთხოებაზე;
ბ.გ)  საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები;
ბ.დ) მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა ავტომობილის სხვადასხვა პირობებში მართვისას;
გ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მეთოდებს და დაზარალებულის ტრანსპორტირების პირობებს;
დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის მოქმედების წესებს;
ე) საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხებს;
კ) საერთაშორისო გადაზიდვებს.
თეორიულ გამოცდაში მიღებული დადებითი შეფასება მოქმედია ერთი თვის განმავლობაში და იძლევა პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლის საშუალებას.
პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე არ დაიშვება.
პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული გამოცდა, დამატებით გამოცდაზე დაიშვება შვიდი დღის შემდეგ და გამოცდაზე დაშვების საფასურს იხდის ახლიდან.

საგამოცდო ტესტები